დასტა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებს კოლეჯ მერმისთან

2019 წლის 9 ივლისს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა დასტა რექორდს მენეჯმენტსა და პროფესიულ კოლეჯ მერმისს შორის. კოლეჯი მერმისი ერთ-ერთი წარმატებული პროფესიული განათლების კერას წარმოადგენს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. მემორანდუმის ფარგლებში კოლეჯი „მერმისი“ სტუდენტებს შესალებლობას მისცემს განივითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები დასტაში სტაჟირების გავლით.

ამავე წლის 19 ივლისს შედგა მორიგი შეხვედრა, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს მემორანდუმის იმპლემენტაციის დეტალები. შეხვედრას ესწრებოდნენ დასტას დირექტორი დაან ჰარმსენ (ფოტოზე ცენტრში), კოლეჯ მერმისის ადამიანური რესურსების მენეჯერი ლალი ბეშკენაძე (ფოტოზე მარცხნივ) და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ქ-ნი მარინა გოგოლაძე (ფოტოზე მარჯვნივ).

„ჩვენ მოხარულები ვართ წვლილი შევიტანოთ სახელმწიფოს მისიაში, განავითაროს პროფესიული განათლება საქართველოში და ველით წარმატებულ თანამშრომლობას კოლეჯ მერმისთან“, განაცხადა დაან ჰარმსენმა.

კოლეჯი მერმისი 2007 წლიდან შეიქმნა და მისი მისიაა წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაში შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მაღალკვალიფიციური და სამოქალაქო ცნობიერების მქონე კადრების მომზადების გზით. დღეისათვის კოლეჯში 500-ზე მეტი ადამიანი ეუფლება სხვადასხვა პროფესიას და აქტიურარ ავნითარებენ პროფესიულ განათლებას საქართველოში.

დასტას შესახებ:

დასტა, საქმისწარმოებისა და არქივის მართვის პირველი პროფესიონალური კომპანია, რომელიც 2014 წელს დაარსდა საქართველოში. დასტა თავის კლიენტებს სთავაზობს დოკუმენტების შენახვის, მათი ციფრულ ფორმაში გადაყვანისა და განადგურების მსოფლიო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. საქართველოში მომუშავე თანამშრომლებით, გამოცდილი საერთაშორისო პარტნიორებით, თანამედროვე საარქივე დაწესებულებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით, დასტა თავის კლიენტებს აძლევს საშუალებას დაზოგონ ხარჯები, შეამცირონ დოკუმენტების შენახვასთან დაკავშირებული რისკები და გაზარდონ ეფექტიანობა.